
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკაში, ნამდვილი ისტორიული მოგზაურობა მოაწყვეს.
I-IV კლასის მოსწავლეებმა საოცარი „დროის ხაზი“ გააცოცხლეს - იმოგზაურეს 100 წლის წინანდელ საქართველოში, გაიცნეს ეროვნული გმირები და გაიაზრეს, თუ რა დიდი ფასი აქვს თავისუფლებას.
ცოდნის შეჯამება კი მხიარული ვიქტორინით გაგრძელდა. ბავშვები ორ გუნდად გადანაწილდნენ, კითხვებს სხარტად სცემდნენ პასუხებს, თითოეული სწორი პასუხისთვის კი საქართველოს პატარა დროშებს იღებდნენ.
„ძალზედ ემოციური, დაძაბული და გონივრული თამაში სიმბოლურად - ფრედ დასრულდა! იმიტომ, რომ ჩვენმა პატარებმა ზუსტად იციან: მთავარი - „ძალა ერთობაშია!“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა სასწავლო შემართება.
დღესასწაული ტკბილი ალაფურშეტითა და ბავშვების ბედნიერი ღიმილით დაგვირგვინდა.
„დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს ჩართულობისთვის, დიდი ინტერესის გამოჩენისთვის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის“,- აღშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო