
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, 2026 წლის აპრილში, ეროვნული პარკების კვირეულის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი - „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“.
პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
პროექტის მიზანი იყო გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა, მოსწავლეებში ბუნების დაცვის პასუხისმგებლობის გაძლიერება და მათი აქტიური ჩართულობა გარემოსდაცვით ინიციატივებში.
გარემოსდაცვითი კონკურსი ჩატარდა ორ ნომინაციაში:
1.ესე - „დაცული ტერიტორიების როლი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ“;
2. ნახატი - „დაცული ტერიტორია - ჩემი ბუნების პასუხი კლიმატის ცვლილებაზე“.
ორ ნომინაციაში გამოვლინდა ორ-ორი გამარჯვებული. პირველ ნომინაციაში გამარჯვებულები არიან ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის კურსდამთავრებულები- ერიკნაზ ამაზარიანი და ანი კარაბეკიანი, ხოლო ნახატის კონკურსში - მე-10 კლასის მოსწავლეები - კარინე რსტაკიანი და მელინე ფეშტმალჯიანი.
იხილეთ ფოტოები: