იმედიანი პირველი ივნისი და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები ალათუმანის საჯარო სკოლაში
02-06-2026

წლის ყველაზე თბილი, მზიანი და სიცოცხლით სავსე თვე ალათუმანის საჯარო სკოლაში ნამდვილი დღესასწაულით დაიწყო. 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სკოლის კედლებმა დიდი სიხარული და ბავშვური ჟრიამული დაიტია. ეს იყო დღე, როდესაც კიდევ ერთხელ ხმამაღლა გაჟღერდა მთავარი ჭეშმარიტება: ბავშვები ჩვენი მომავალი, ჩვენი მთავარი იმედი და სამყაროს ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

დღესასწაული საინტერესო საინფორმაციო ნაწილით დაიწყო. კლასის მზრუნველმა დამრიგებლებმა მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვანი დღის ისტორია, მისი არსი და ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობა გააცნეს, მოსწავლეებმა კი საკუთარი ხელით, დიდი მონდომებითა და სიყვარულით მორთეს და გაალამაზეს სკოლის დერეფანი. ფერადი ნახატებით, საჰაერო ბუშტებითა და დეკორაციებით გალამაზებულმა სასწავლო სივრცემ მყისიერად შეიძინა ჯადოსნური, მხიარული იერი, რამაც ყველას სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა.

საინფორმაციო და შემოქმედებითი ნაწილის შემდეგ, დღის მთავარმა გმირებმა სპორტულ ასპარეზზე გადაინაცვლეს - მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობასა და შეჯიბრებაში. სპორტულმა თამაშებმა ბავშვებს შორის გუნდურობის, მეგობრობისა და ერთმანეთის მხარდაჭერის საოცარი მაგალითები გამოავლინა.

ეს იყო დღე, რომელმაც საინტერესოდ ჩაიარა და პოზიტიური განწყობა შექმნა - ალათუმანის საჯარო სკოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბავშვების ბედნიერება, მათი ღიმილი და განვითარება უმთავრესი ღირებულებაა. ამ ფერადმა 1-ელმა ივნისმა თითოეული მოსწავლის გულში დატოვა იმედი, რომ მათი ხმა ყოველთვის ისმის და მათი ბავშვობა მყარად არის დაცული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203