სიკეთის გაკვეთილი ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში
02-06-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად ღირებულებებს ასწავლიან. 

VIII კლასში თემაზე - „სიკეთის კეთება“, ჩატარდა განსაკუთრებული და შინაარსით დატვირთული გაკვეთილი, რომელმაც მოსწავლეებს კეთილი საქმის მნიშვნელობა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ასწავლა. მოსწავლეებმა კი გაიაზრეს, რომ სიკეთე იწყება პატარა ნაბიჯებით, გულწრფელი სურვილითა და სასარგებლო საქმით. 

მოსწავლეთა საგნის მასწავლებელი ზამირა მახარაძე გახლავთ, კლასის ხელმძღვანელი სოფო რომანაძე.

მოსწავლეებმა სიყვარულითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დაალაგეს სკოლის ეზო და დარგეს ნერგები - სიცოცხლის, განახლებისა და მომავლის სიმბოლო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თითოეული დარგული ნერგი იქცა კეთილი ნებისა და გარემოზე ზრუნვის ნათელ გამოხატულებად.

ერთობლივი შრომის პროცესში გამოიკვეთა თანამშრომლობა, ურთიერთდახმარება და საერთო მიზნისადმი ერთგულება. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გარემოს გაფრთხილება, ბუნების სიყვარული და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა.

„ასეთი აქტივობები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოზარდების ღირებულებითი აღზრდისთვის, რადგან ისინი ახალგაზრდებში აყალიბებს შრომისმოყვარეობას, ეკოლოგიურ ცნობიერებას, თანაგრძნობასა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. სიკეთის კეთება მხოლოდ სიტყვა არ არის - ეს არის მოქმედება, რომელიც სამყაროს უფრო ლამაზს, სუფთასა და თბილს ხდის! გიმნაზიელებო, გვიყვარხართ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და გაკვეთილის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203