
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება საინტერესოდ მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და ბავშვების დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, მეტად საინტერესო პროექტი სახელწოდებით - „უცნაური სკოლები“.
პედაგოგი ბავშვებთან ერთად გაეშურა ვირტუალურ მოგზაურობაში უცნაური სკოლების მოსანახულებლად.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ სკოლა შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას: სოფელში, ქალაქში, ხეზე, წყალზე, გამოქვაბულში, მთავარია ის, თუ როგორ ვსწავლობთ და ვეპყრობით ერთმანეთს.
ჩატარდა სხვადასხვა სახალისო და ინტელექტუალური თამაშები: ვიქტორინა - „მითი თუ სიმართლე“, შეჯიბრი: „ჩაალაგე ჩანთა“, ბლიც-კითხვები სწრაფ აზროვნებაზე: „კი თუ არა?“ მხიარული თამაში - „გადააწოდე ჩანთა“, რომელიც მუსიკის თანხლებით წარიმართა. თამაშის - „გვაჩვენე საგანი“ მიმდინარეობისას კი მოსწავლეები ასახელებდნენ საყვარელ გაკვეთილს ან საგანს.მოეწყო ნახატების გამოფენა სახელოწდებით - „ჩემი ოცნების სკოლა“.
გამოვლინდნენ გამარჯვებული ბავშვები შემდეგ ნომინაციებში - „️ყველაზე კრეატიული“, „ყველაზე კეთილი“, „ყველაზე უცნაური სკოლები“. მეოთხე ნომინაცია იყო - „მასწავლებლის სიმპათია“.
გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით, ხოლო მონაწილეები სიგელებით.
პროექტი მოამზადა შუასურების საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელმა მზია მეგრელიშვილმა.
იხილეთ ფოტოები: