დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა
29-05-2026

თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ემოციური და თბილი განწყობით დასრულდა პირველი და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის. სკოლა, რომელიც მცირეკონტინგენტიან სასწავლო დაწესებულებად ითვლება, კიდევ ერთხელ გახდა იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მცირე რაოდენობის მოსწავლეებშიც კი დიდი სითბო, ერთიანობა და სიყვარულით სავსე სასკოლო გარემო შეიქმნას.

როგორც სკოლის დირექტორმა, ლეილა მერაბიშვილმა აღნიშნა, ამ წელს სკოლაში განსაკუთრებული სიხარული იყო, რადგან ერთმა კურსდამთავრებულმა წარმატებით დაასრულა სკოლა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადება.

მისი თქმით, თითოეული მოსწავლე სკოლისათვის ძალიან ძვირფასია და მათზე ზრუნვა და მხარდაჭერა ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.

განსაკუთრებით თბილი და დასამახსოვრებელი იყო პირველი კლასის დასრულება. მოსწავლეებმა, სასწავლო წელი მხიარული და საზეიმო განწყობით დაასრულეს. პატარებმა მოაწყვეს მცირე გამოსამშვიდობებელი აქტივობები, ერთმანეთს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ იმ გარემოს, სადაც მათი პირველი სასკოლო ნაბიჯები გადაიდგა.

ლეილა მერაბიშვილის თქმით, მომავალი სასწავლო წელი კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება, რადგან სკოლა დაახლოებით 3 პირველკლასელს ელოდება. ეს პატარა სიახლე მთელი კოლექტივისთვის დიდი სიხარულის მიზეზია. სკოლაში უკვე მოუთმენლად ელიან ახალ მოსწავლეებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203