
ცხოვრების ერთი ლამაზი, ფერადი ეტაპის დასასრული და ახალი, დიდი გზის დასაწყისი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბავრის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა. სკოლის ეზოში გამეფებული ამაღელვებელი ატმოსფერო განსაკუთრებით ემოციური გახდა მაშინ, როდესაც ამაყად აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ამ უმნიშვნელოვანეს დღეს კურსდამთავრებულების გვერდით იდგნენ თემის მოსახლეობა, მოწვეული სტუმრები, მშობლები, პედაგოგები და მეგობრები, რომლებიც სიხარულსა და სიამაყეს ვერ მალავდნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი ჯულიეტა შირინიანი. მან კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა:
„ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ სკოლის დასრულებას და გისურვებთ დიდ წარმატებებს. გახსოვდეთ, იმისათვის, რომ იყოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები და სრულფასოვნად ჩაერთოთ მის შენებაში, უპირველესად აუცილებელია სახელმწიფო ენის საფუძვლიანი ცოდნა. სწორედ ეს იქნება თქვენი წარმატებისა და წინსვლის საწინდარი“.
ახალგაზრდებს თბილი სურვილებით დაემშვიდობნენ კლასის დამრიგებლები - კარინე გაბრიელიანი და ვალენტინა ელიაზიანი. მათ კურსდამთავრებულებს დასახული მიზნების მიღწევა უსურვეს.
ბავრის საჯარო სკოლაში დაფრთიანებულ თაობას წინ მრავალფეროვანი სამყარო, გამარჯვებები და ასევე მრავალი გამოწვევა ელის. სასკოლო საზოგადოება კი დარწმუნებულია, რომ ეს ახალგაზრდები საკუთარი ნიჭით, შრომისმოყვარეობითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით ქვეყნის საიმედო მომავალს შექმნიან.
იხილეთ ბმული