
სასწავლო წლის მიწურულს, როდესაც გაზაფხულის მზე სკოლის ეზოებს განსაკუთრებულად ათბობს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხავეთის საჯარო სკოლაში უმნიშვნელოვანესი და ამაღელვებელი დღესასწაული შედგა. 2026 წლის 27 მაისს პირველკლასელებმა სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთი საპასუხისმგებლო ეტაპის დასრულება - მშობლიური ანბანის გაცილება საზეიმოდ აღნიშნეს. ეს დღე თითოეული პატარასთვის იქცა წარმატების იმ პირველ მწვერვალად, რომელმაც მათ წინაშე ცოდნის უსაზღვრო სამყარო გადაშალა.
ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა, რომელიც ბავშვებმა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს, დიდი მონდომებითა და დაუღალავი შრომით დაგვირგვინდა. კლასის ხელმძღვანელის, ალვარდ კარაპეტიანის შემოქმედებითი მიდგომის წყალობით, პატარებმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს. პირველკლასელები განსაკუთრებული გულმოდგინებით ჩაერთნენ ღონისძიებაში, სცენაზე წარმოაჩინეს უნარები, წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
ღონისძიების დასასრულს, სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი ნორაირ აკოპიანი. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დამრიგებელ ალვარდ კარაპეტიანს ასეთი შთამბეჭდავი და ნაყოფიერი დღესასწაულის ორგანიზებისთვის, პირველკლასელებს ანბანის წარმატებით დასრულება მიულოცა, გულში ჩაიკრა და წინსვლა, ბედნიერი ცხოვრება, ქვეყნის საკეთილდღეოდ ღირსეული განათლების მიღება უსურვა.
ჩვენ კი დავძენთ, რომ ხავეთის საჯარო სკოლაში ჩატარებული ეს ლამაზი ზეიმი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მზრუნველი პედაგოგებისა და ხელმძღვანელობის ხელში, ბავშვებისთვის სწავლა არა ვალდებულებად, არამედ ლამაზ დღესასწაულად იქცა.