
საჩხერის მუნიციპალიტეტის ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი ინა ბიწაძე კურსდამთავრებულების წარმატებაზე, სოფლებში მიგრაციით გამოწვეულ პრობლემებსა და მოსწავლეთა შემცირებულ რაოდენობაზე საუბრობს.
როგორც სკოლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, 2026 წელს ნიგვზიანის სკოლა 7-მა კურსდამთავრებულმა წარმატებით დაამთავრა და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მზადება დაიწყო. უმრავლესობა განათლების გაგრძელებას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გეგმავს: ექვსი მოსწავლე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება, ხოლო ერთი კურსდამთავრებული პროფესიულ სასწავლებელში აპირებს სწავლის გაგრძელებას.
„ძალიან ჭკვიანი და მონდომებული მოსწავლეები გვყავს. თითოეულ მათგანს საუკეთესო მომავალს ვუსურვებ და მჯერა, რომ საკუთარ გზას ღირსეულად გაივლიან,“ - აღნიშნავს ინა ბიწაძე.
დირექტორი იმასაც გვეუბნება, რომ სკოლისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მიგრაცია და მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებაა.
„მომავალ სასწავლო წელს პირველ კლასში მხოლოდ ერთი ან ორი პირველკლასელის მიღებას ველოდებით. მიგრაცია ჩვენი დიდი პრობლემაა, ოჯახები ტოვებენ სოფელს და ეს პროცესი, სამწუხაროდ, ყველას მომავალზე აისახება. ამას ვერც მონდომებული მასწავლებელი აჩერებს და ვერც კარგი, ინფრასტრუქტურულად გამართული სკოლა,“ - ამბობს დირექტორი.
მისივე თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, პედაგოგიური კოლექტივი კვლავ სრული პასუხისმგებლობით აგრძელებს მუშაობას, რათა თითოეულმა მოსწავლემ ხარისხიანი განათლება მიიღოს და ღირსეულ, წარმატებულ ადამიანად ჩამოყალიბდეს.
„ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენმა მოსწავლემ მიიღოს საუკეთესო განათლება და მომავალში საზოგადოების საამაყო წევრი გახდეს,“ - აღნიშნავს ინა ბიწაძე.