
სექტემბერში, როდესაც სკოლის ზარის ხმა მთელ ქვეყანას უნდა მოედება, წალკის მუნიციპალიტეტის,განთიადის საჯარო სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყობა; სკოლის კარს 6 პირველკლასელი შეაღებს - 6 წყვილი იმედიანი თვალი, 6 პატარა ზურგჩანთა და უსაზღვრო ინტერესი... აი, რისთვის ემზადება სკოლის მთელი კოლექტივი განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და ემოციით.
როგორც განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი, კაკო ანთაძე etaloni.ge-სთან აღნიშნავს, სწავლის პირველი დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცევა. ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, თითოეულ პირველკლასელს საზეიმო ვითარებაში გადაეცემა პერსონალური ლეპტოპები და სახელმძღვანელოები.
„თითოეულ პირველკლასელს იმაზე მეტი სითბო და სიყვარული უნდა დავახვედროთ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება. მინდა, მშობლებმა იცოდნენ - აქ მათ შვილებს ხვდებათ მეორე დედა, მათი პირველი მასწავლებელი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, სიყვარულით წაიყვანს მათ წინ. ეს თავიდან უცხო გარემო სულ რამდენიმე დღეში მათთვის მეორე ოჯახად იქცევა. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, განთიადის საჯარო სკოლაში სიარული ბავშვებისთვის ყოველდღიურ დღესასწაულად ვაქციოთ, სადაც სწავლა სიხარული და ბედნიერება იქნება“.