
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში გაიმართა შთამბეჭდავი შემოქმედებითი ღონისძიება, რომლითაც პირველკლასელებმა სასწავლო წელი შეაჯამეს და დაგროვილ ცოდნას ლამაზად მოუყარეს თავი.
27 მაისს პირველკლასელებმა სასწავლო წელი დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
პატარებმა არაერთი საინტერესო ნომერი წარმოადგინეს - ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, „დედაენასა“ და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.
არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ღონისძიების საზეიმო ნაწილი - ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიების ბოლოს, დამსწრე საზოგადოებამ მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და პატარებს ბედნიერი არდადეგები უსურვა.
„ისინი მათთვის სრულიად უცხო სამყაროში შემოფრინდნენ როგორც პეპლები, დღეს კი წარმატებით დაამთავრეს პირველი კლასი...“, - გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა სასწავლო მიღწევები.
იხილეთ ფოტოები: