„ბავშვები რჩევას ხშირად გვეკითხებიან, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა“... - თეონა მეგრელიშვილი, საგვიჩიოს საჯარო სკოლის დირექტორი
28-05-2026

ხობის მუნიციპალიტეტის, საგვიჩიოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული და ემოციური დღე აღინიშნა. სკოლის მცირეკონტინგენტიანმა, თუმცა უზომოდ თბილმა საგანმანათლებლო ოჯახმა საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საზეიმო ღონისძიებით გააცილა.

მცირე კონტინგენტის უდიდესი უპირატესობაც ხომ სწორედ ის არის, რომ თითოეული მოსწავლე ინდივიდუალური ყურადღებით, ზრუნვითა და სიყვარულით არის გარემოცული.

etaloni.ge-სთან დირექტორი - თეონა მეგრელიშვილი სკოლაში პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე საუბრობს და გვიმხელს, რომ ეს მეგობრობა მხოლოდ სასწავლო პროცესით არ შემოიფარგლება:

„ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისას, მოსწავლეები რჩევებსა და გზამკვლევს კვლავ მშობლიურ სკოლაში ეძებენ, რაც ძალიან მახარებს. ჩვენი ბავშვები აქტიურად ინტერესდებიან პროფესიული მიმართულებებით და სკოლის ხელმძღვანელობასა და მასწავლებლებს მომავალი პროფესიის არჩევისას რჩევას გვეკითხებიან“, - აღნიშნავს ქალბატონი თეონა, ხოლო etaloni.ge-ს კითხვას „რას ურჩევს ახალგაზრდებს?“ ლაკონურად, თუმცა დიდი სიყვარულით პასუხობს:

„მთავარი რეკომენდაციაა, სწორი და გააზრებული არჩევანი გააკეთონ. დღეს, როდესაც პროფესიული განათლება ასეთი აქტუალური და მოთხოვნადია, სკოლა მაქსიმალურად უწყობს ხელს მოსწავლეებს, რათა მათ საკუთარი ნიჭი და ინტერესები სწორი მიმართულებით განავითარონ.

ფაქტი, რომ ბავშვები რჩევას ჩვენ გვეკითხებიან, უდიდესი ნდობა და პასუხისმგებლობაა. მჯერა, თითოეული მოსწავლე იპოვის ჭეშმარიტ მოწოდებას, გახდება წარმატებული პროფესიონალი და საკუთარ სიტყვას იტყვის ქვეყნის მშენებლობაში. ჩვენ კი ყოველთვის მათი გულშემატკივრები ვიქნებით!“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203