
სკოლის ზარის ხმა ყოველი წლის სექტემბერში ახალი იმედების, აურაცხელი ემოციისა და დიდი მოლოდინების დასაწყისია. თუმცა, 2026-2027 სასწავლო წელი ცაგერის მუნიციპალიტეტის, ორხვის საჯარო სკოლისთვის სრულიად გამორჩეული იქნება - etaloni.ge-ს სკოლის დირექტორმა, თამილა მეგრელმა გაუმხილა, რომ სექტემბრიდან მხოლოდ ერთ პირველკლასელს ელიან და იგი მთელ სკოლაში ერთადერთი გოგონა იქნება, დანარჩენი ყველა მოსწავლე კი ბიჭია.
ქალბატონმა თამილამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს პატარა პრინცესა სკოლის მთავარი ზრუნვის, სიყვარულისა და ყურადღების ცენტრი იქნება, რომელიც თავისი არსებობით თანასკოლელ ბიჭებს მეგობრობას, ზრუნვას, ქალბატონების პატივისცემას... ერთი სიტყვით, ნამდვილ ჯენტლმენობას „ასწავლის“. და აქ გასაოცარი არაფერია, რადგან ფაქტია - ორხვის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ ყოველდღიურად ზრუნავენ არა მხოლოდ იმაზე, ბავშვებს საფუძვლიანი განათლება მისცენ, არამედ უნერგავენ ერთმანეთისა და უფროსების მიმართ პატივისცემას, უღვივებენ ემპათიას, ტოლერანტობას და იმ მთავარ ღირებულებებს, რომლებიც მათ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად აყალიბებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ორხვის საჯარო სკოლაში ინოვაციები და თითოეული ბავშვის მაქსიმალური განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია. მცირეკონტინგენტიან სასწავლო გარემოში არც ერთი მოსწავლე არ რჩება ყურადღების მიღმა, მზრუნველი პედაგოგები ორიენტირებულნი არიან სწავლა-სწავლების თანამედროვე სტანდარტებზე, ხოლო მეგობრული გარემო ბავშვებს დაცულობის შეგრძნებას უქმნის, სადაც ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ.
„სკოლის ხელმძღვანელობა და მასწავლებლები სრულ მზადყოფნაში ვართ, რათა ახალი სასწავლო წელი აკადემიური წარმატებებითა და დაუვიწყარი მოგონებებით „აივსოს“, ახალი სასწავლო წლიდან გაორმაგებული ძალისხმევით ვეცდებით ყოველი გაკვეთილი საინტერესო თავგადასავლად ვაქციოთ ჩვენი ვაჟკაცი ბიჭებისთვის დაიმავდროულად, შევუქმნით ზღაპრული გარემოს ერთადერთ, უძვირფასეს გოგონას, რომელიც პირველად შემოაბიჯებს „ცოდნის ტაძარში“, - გვეუბნება ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი და მოსწავლეებს მიმართავს:
„ორხვის საჯარო სკოლის კარი ღიაა - წინ დიდი აღმოჩენების, ხარისხიანი განათლებისა და სრულიად გამორჩეული მეგობრობის წელი გველის“!