
ქუთაისის N26 საჯარო სკოლის შემოქმედებით პორტფოლიოში კიდევ ერთი გამორჩეული, ემოციური და შემოქმედებითი დღე ჩაიწერა - ქალაქის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს უბანში, ჭომაში, მდინარე რიონის პირას, ნოდარ დუმბაძის ცნობილი მოთხრობის, „ბოშების“, მოტივებზე შექმნილი ნამდვილი თეატრალური პერფორმანსი გაცოცხლდა. სკოლის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული პედაგოგის, თამთა კოხრეიძის თაოსნობითა და მერვე კლასის მოსწავლეების უშუალო მონაწილეობით კი გარემო ერთ დიდ, ფერად და ხალისიან „ბოშათა ბანაკად“ გადაიქცა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ გახლდათ უბრალო სასკოლო ღონისძიება - ეს იყო კლასგარეშე კითხვის, ლიტერატურის სიყვარულისა და არტ-თერაპიის სინთეზი, რომელმაც მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
ფაქტია - ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ჰუმანიზმით, სითბოთი და ადამიანური ურთიერთობების ღრმა ანალიზით. მერვეკლასელებმა, პედაგოგის დახმარებით, ზუსტად გაიგეს მწერლის ჩანაფიქრი და ემოციურად გადმოსცეს იმ თავისუფალი, ამაყი და იდუმალი ადამიანების ხასიათი, რომლებსაც დუმბაძე ასეთი სიყვარულით აღწერს.
მოსწავლეებმა მუსიკის, თემატური კოსტიუმებისა და დეკორაციების წყალობით, ნამდვილი მომთაბარე ბანაკის ატმოსფერო შექმნეს.
აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ სკოლაში საგნისადმი ინტერესის გაღვივება დიდწილად პედაგოგის შემოქმედებით მიდგომაზეა დამოკიდებული. თამთა კოხრეიძე ზუსტად ისეთი მასწავლებელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც არ კმაყოფილდება მხოლოდ სახელმძღვანელოს ჩარჩოებით. მისი „მოუსვენრობა“ პოზიტიური გაგებით - ახალი იდეების ძიება, ბავშვების მაქსიმალური ჩართულობა და სასწავლო პროცესის მრავალფეროვნება კი მოსწავლეებისთვის უდიდესი მოტივატორია.
„წავიდნენ ჩემი შავტუხა, ხალისიანი, მოჩხუბარი, მჭედელი, მოცეკვავე, მარჩიელი და ქურდბაცაცა ბოშები... სამაგიეროდ, იმედის ისეთი კოცონი დაგვიტოვეს, დღესაც მინთია გულში“... - ნოდარ დუმბაძის ეს უკვდავი სიტყვები ზუსტად ასახავს განწყობას, რომელიც ღონისძიების დასრულების შემდეგ დატოვეს პატარა მსახიობებმა უსაყვარლეს მასწავლებელთან ერთად.
ვიდეო იხილეთ ბმულზე