
ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებული მუხტითა და მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა, რომელიც გაჯერებული იყო სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით, ერთგულებითა და იმ უკვდავი იმედით, რომელიც ქართველი ერის გულში არასოდეს ჩამქრალა.
აღსანიშნავია, რომ ეს დღე სკოლაში იქცა ნამდვილ ზეიმად, სახელწოდებით - „თავისუფალი სუნთქვა!“ და კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ თავისუფლება არ არის მოცემულობა, მას გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნომრების, პატრიოტული ლექსებისა და მუსიკალური კომპოზიციების საშუალებით წარმოაჩინეს საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპები. სცენიდან გაჟღერებულმა თითოეულმა სიტყვამ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რამხელა ბრძოლისა და თავდადების ფასად მოიპოვა ქვეყანამ დამოუკიდებლობა.
ქუთაისის N13 საჯარო სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების შეფასებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება სასწავლო პროცესის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ასეთ გარემოში ყალიბდებიან მოსწავლეები მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, პატრიოტ და თავისუფლად მოაზროვნე პიროვნებებად.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა დღეს გვაჩვენეს, თუ რას ნიშნავს მათთვის „თავისუფალი სუნთქვა“. 26 მაისი არის დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ბავშვების თვალებში დანახული სამშობლოს სიყვარული კი გვაძლევს გარანტიას, რომ საქართველოს საიმედო, ძლიერი და ღირსეული მომავალი თაობა ეზრდება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.