„მე მიყვარს მესამე სკოლა!“ - ქუთაისის N3 საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულები დიდ ცხოვრებაში გააცილა
28-05-2026

ქუთაისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მდიდარი ტრადიციების მქონე საგანმანათლებლო კერაში - წმინდა ნინოს სახელობის, ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა. სკოლის ეზომ კიდევ ერთხელ უმასპინძლა სიხარულით, სევდით, მადლიერებითა და მომავლის იმედით სავსე დღესასწაულს. მწავალწლიანი ისტორიის მქონე სკოლამ კი კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა დიდ ცხოვრებაში, რომელთაგან თითოეული ამაყად ატარებს „მესამესკოლელის“ ტიტულს.

ქუთაისის N3 საჯარო სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული აკადემიური პასუხისმგებლობით და მიმდინარე წლის კურსდამთავრებულებმაც ღირსეულად გააგრძელეს წინაპრების ტრადიცია. საზეიმო ღონისძიებაზე ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს მშობლიურ სკოლას, პედაგოგებსა და ადმინისტრაციას იმ ცოდნისა და ფასეულობებისთვის, რომლებიც აქ შეიძინეს.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, თეიმურაზ ჭაბუკიანმა. მან მოსწავლეებს ცხოვრების ახალ, საინტერესო და საპასუხისმგებლო ეტაპზე გადასვლა მიულოცა და გზა დაულოცა:

„უდიდეს სიყვარულს, სითბოსა და იმედს გატანთ თქვენი მშობლიური სკოლა, ჩვენო გოგო-ბიჭებო! ღირსეულად და ამაყად იარეთ ცხოვრების ბილიკებზე! გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, მშობლებსა და პედაგოგებს“.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203