
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
მოსწავლეები პროექტის - „გაიცანი საქართველო“ ფარგლებში, კახეთს სტუმრობდნენ.
„კახეთი ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა გაზაფხულის სიღნაღს მაინც სხვა ხიბლი აქვს! პროექტის ფარგლებში, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ულამაზეს ჰერეთის მხარეს ესტუმრნენ.
ჩვენი მარშრუტი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აივსო: ბოდბის მონასტერი, სიღნაღის ციხე-გალავანი და სიყვარულის ქალაქის ქვაფენილებიანი ქუჩები.
კახეთის ტურის მეორე დღე, მთლიანად ისტორიული ადგილების მონახულებას დავუთმეთ:
• ერეკლე მეფის თელავი - დავიწყეთ ბატონის ციხით, სადაც წარსული ცოცხლდება, და რა თქმა უნდა, გვერდი ვერ ავუარეთ თელავის სიმბოლოს - 900 წლის ლეგენდარულ ჭადარს!
• წინანდალი და ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმი - ევროპული და ქართული კულტურის სინთეზი.
• იყალთოს აკადემია - საუკუნეების წინანდელი განათლების კერა.
• ძველი და ახალი შუამთა - ტყეში ჩაფლული სიმშვიდე და უდიდესი სულიერება.
• ალავერდის დიდებულება...!“,- გვიყვებიან სკოლაში.
არანაკლებ შთამბეჭდავი იყო კახეთის ექსკურსიის მე-3 დღე. შემეცნებით ტურნეს ფინალური დღე განსაკუთრებით აქტიური, შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა მოინახულეს გრემის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, ნეკრესის მონასტერი, რომელიც დღის მთავარი გამოწვევად იქცა.
„გზა ფეხით დავძლიეთ, რამაც ექსკურსიას ნამდვილი სალაშქრო განწყობა შემატა.
ვნახეთ ალაზნის ველის ულამაზესი ხედები.
• ილიასა და ყვარლის ტბები – დღის ულამაზესი ფინალი.
მადლობა ჩვენს ერთიან გუნდს ამ დაუვიწყარი დღეებისთვის! “,- გვიყვებიან სკოლაში.