
დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა „ივერიაში“ საზეიმო, ხალისიანი და იმავდროულად, ემოციური დღე დადგა - მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
ყველასთვის საყვარელმა პედაგოგმა, ნატო ცუცქირიძემ ცხოვრების დიდ გზაზე კიდევ ერთი თაობა გააცილა, ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები კი იმ მყარი მეგობრობისა და სიყვარულის სიმბოლოდ იქცა, რომელიც ბავშვებს სკოლის კედლებში წლების განმავლობაში აკავშირებდათ.
ეს იყო დღე, როდესაც თითოეულმა მოსწავლემ უდიდესი მადლიერება გამოხატა საყვარელი დამრიგებლის და ყველა იმ მასწავლებლის მიმართ, ვინც მათ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში უდიდესი ამაგი ჩადო.
სკოლა „ივერია“ უდიდესი სიყვარულით ულოცავს თავის აღზრდილებს სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, დამოუკიდებელ ეტაპზე გადასვლას:
„გზას დაგილოცავთ, ჩვენო ბავშვებო! გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ნათელ მომავალს. გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ასახელებს მშობლიურ სკოლას. მუდამ გჯეროდეთ საკუთარი თავის, იყავით მიზანდასახულები, კეთილები და ძლიერი ადამიანები. დაე, თქვენი ყველა კეთილი ოცნება და მიზანი რეალობად იქცეს!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დევიზად ქცეული ფრაზა - „ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!“ კი ზუსტად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რომელიც სკოლა „ივერიის“ თითოეულ თანამშრომელს ამ ნიჭიერი ახალგაზრდების მიმართ აქვს.