სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გამოქვეყნდა
27-05-2026

განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ სასკოლო ფორმებზე გამარტივებული შესყიდვა განმეორებით გამოაცხადა, რომლის ღირებულება, განმეორებით ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, 45 658 840 ლარით განისაზღვრა.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, მიწოდება სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მოიცავს 301 ათასი ერთეულის მიწოდებას 25 აგვისტომდე. მეორე ეტაპი მოიცავს 600 ათასი ერთეულის მიწოდებას 15 ოქტომბრამდე, ხოლო მესამე ეტაპი 900 ათასი ერთეულის მიწოდებას 30 ნოემბრამდე.

ინფორმაციისთვის: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ბაზრის კვლევა პირველად 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა. კვლევა 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის 1 801 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით იყო გამოცხადებული. შედეგად, დადგენილი ფასი შეადგენდა 44 900 000 ლარს. თუმცა როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2026 წლის 14 მაისს ბაზრის კვლევის პროცესში კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ბაზრის კვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით, 20 მაისს კი „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ბაზრის კვლევა განმეორებით გამოაცხადა. ბაზრის კვლევა კვლავ 1 801 000 ერთეულზე იყო გამოცხადებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203