
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება, თუმცა წლევანდელი ღონისძიებები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების შემოქმედებითობის წყალობით მართლაც გამორჩეული და დაუვიწყარი აღმოჩნდა. სკოლის პატარა პატრიოტებმა, მასწავლებლებთან ერთად, ქვეყნის უმთავრეს დღესასწაულს ორი ულამაზესი აქტივობა მიუძღვნეს და ეს დღე ნამდვილ ხელოვნებად აქციეს!
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, პედაგოგ სალომე კვირკველიას სადამრიგებლო მე-3 კლასის მოსწავლეებმა ნამდვილი შემოქმედებითი ფურორი მოახდინეს. პატარებმა, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური მუსიკალური კლიპი ჩაწერეს.
ეს ვიდეორგოლი არ არის მხოლოდ სადღესასწაულო აქტივობა - მასში თითოეული ბავშვის გულწრფელი ემოცია, სამშობლოს სიყვარული და თავისუფლების იდეის გააზრება ჩანს. პედაგოგის ინოვაციურმა მიდგომამ მოსწავლეებს მისცა საშუალება, თანამედროვე ხელოვნების ენით გამოეხატათ საკუთარი პატივისცემა ქვეყნის ისტორიის მიმართ, რამაც კლიპი საზოგადოებისთვის უაღრესად ემოციურ და დასამახსოვრებელ საჩუქრად აქცია.
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლელების შემოქმედებითი მიდგომები მეტად წარმოაჩინა მე-3 „ბ“ კლასის მოსწავლეთა აქტივობა, პედაგოგ ლია სიმონიშვილის ხელმძღვანელობიათ - მათ 26 მაისი ანა ბერძენიშვილის სახელობის ბიბლიოთეკასთან მჭიდრო თანამშრომლობით აღნიშნეს, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბიბლიოთეკის წარმომადგენელს - ნანი სალუქვაძეს.
ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო ულამაზესი ლიტერატურული საღამო თემატიკით: „ანა და საქართველო“. პატარა მოსწავლეებმა დიდი ემოციითა და არტისტულობით წაიკითხეს პოეტური სტრიქონები, რომლებიც სამშობლოს, თავისუფლებასა და ეროვნულ სიამაყეს ეძღვნებოდა. პედაგოგ ლია სიმონიშვილისა და ბიბლიოთეკარ ნანი სალუქვაძის პროფესიონალიზმმა, მათმა მზრუნველმა ხელწერამ შეძლო ბავშვებში წიგნიერებისა და პატრიოტული სულისკვეთების საოცარი სინთეზი მოეხდინა.
აღნიშნული აქტივობებით ოზურგეთის N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათთან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ღირებულებების ჩამოყალიბებას. ჩვენ კი დავძენთ, რომ სალომე კვირკველიასა და ლია სიმონიშვილის მსგავსი პროფესიონალი, მოტივირებული და შემოქმედებითი პედაგოგები ქმნიან გარემოს, სადაც ბავშვები პირველივე ნაბიჯებიდან სწავლობენ საკუთარი ქვეყნის სიყვარულსა და დამოუკიდებლობის ფასს.