ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ორჯის საჯარო სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი და ემოციებით დახუნძლული დღე ჩაიწერა. სკოლის კედლებმა მეთორმეტეკლასელთა მორიგი გამორჩეული თაობა გააცილა, „ბოლო ზარის“ ღონისძიება კი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ერთდროულად მოჰგვარა ბავშვობის დასასრულის სევდა და ახალი ცხოვრების დაწყების უდიდესი სიხარული.
აღსანიშნავია, რომ ამ ულამაზესი ღონისძიების მიღმა კლასის დამრიგებელი და იდეის ავტორი ივეტა პეტროსიანი დგას. პედაგოგის დაუღალავმა შრომამ, მისმა მზრუნველობამ და შემოქმედებითმა მიდგომამ თითოეულ მოსწავლეს მისცა საშუალება, სცენაზე საკუთარი ნიჭი და ემოციები საუკეთესოდ გამოევლინა. მოსწავლეთა საყვარელმა ივეტა მასწავლებელმა შეძლო, ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად ექცია.
ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეებს თბილი სიტყვებით მიმართეს ორჯის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა, რომლებიც წლების განმავლობაში მათ გვერდით იყვნენ, საყვარელ აღზრდილებს გზა დაულოცეს და ცხოვრების ახალ, საპასუხისმგებლო ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
საზეიმო პროგრამა დატვირთული იყო მუსიკალური ნომრებით, ემოციური გამოსვლებითა და მადლიერების სიტყვებით, რომლებსაც ბავშვები მშობლიური სკოლისა და მასწავლებლების მიმართ გამოხატავდნენ.
ორჯის საჯარო სკოლა ამაყობს თავისი მეთორმეტეკლასელებით და სჯერა, რომ თითოეული მათგანი საკუთარ სიტყვას იტყვის ქვეყნის მომავლის შენებაში.