
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმთავრესი თარიღია, რომელიც თავისუფლებას, ძლიერებასა და ეროვნულ სიამაყეს განასახიერებს. ამ დიდებულ დღესასწაულს ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პატარა აღსაზრდელები განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითი ენთუზიაზმით შეხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაში უდიდესი წვლილი მიუძღვით სკოლის პროფესიონალ პედაგოგებს. ამჯერად, პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული აქტივობა მესამე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს, რომელსაც ხელმძღვანელობდა პედაგოგი ლალი ბურჯანაძე.
მასწავლებლის ძალისხმევით მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ნამდვილი სადღესასწაულო ატმოსფერო შექმნეს, მათმა საყვარელმა ლალი მასწავლებელმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დაწყებითი კლასებიდანვე ეროვნული ფასეულობების სწორად მიწოდება საძირკველია ქვეყნის ერთგული და განათლებული მოქალაქეების ჩამოსაყალიბებლად.
მესამეკლასელებმა დამსწრე საზოგადოებასა და თანატოლებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია: საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ცოდნა, უნიკალური ტრადიციების პატივისცემა, მოპოვებული დამოუკიდებლობის გაფრთხილება და დაფასება...
„ვულოცავთ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ მშვიდობიან, ძლიერ, განვითარებულსა და ერთიან საქართველოში ცხოვრებას!
მადლობა ლალი ბურჯანაძესა და მის ნიჭიერ მესამეკლასელებს ასეთი ლამაზი და შინაარსიანი დღესასწაულისთვის!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.