
არიფ ალიევის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლაში ქვეყნის უმთავრესი ეროვნული დღესასწაული ტრადიციულად წელსაც განსაკუთრებულად აღინიშნა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს დღე მხოლოდ ერთდღიანი ზეიმი არ ყოფილა - ღონისძიება იქცა 6-კვირიანი კომპლექსური სასწავლო პროექტის დასკვნით ეტაპად და ქართული ენის კვირეულის გაგრძელებად.
პროექტში ჩართული იყვნენ V-X კლასების მოსწავლეები და ქართული ენის მასწავლებლები, რომლებმაც ერთად შექმნეს სივრცე, სადაც ენა, ლიტერატურა, ისტორია და სამოქალაქო განათლება ერთ მთლიან გამოცდილებად იქცა.
მოსწავლეებმა მოინახულეს რეგიონის ისტორიული ძეგლები და ციხე-სიმაგრეები. ეს ვიზიტი სიმბოლურად აერთიანებდა წარსულსა და მომავალს - ისტორიას, რომელსაც ახალი თაობა აგრძელებს.
მოსწავლეებმა შეისწავლეს და დაამუშავეს ლექსები და ესეები, მოამზადეს შესაბამისი ვიდეორგოლები და სიმღერებთან და ცეკვებთან ერთად წარუდგინეს ნამუშევარი სკოლის სააქტო დარბაზში შეკრებილი საზოგადოებას.
ღონისძიების ყველაზე ფერადი ნაწილი, რა თქმა უნდა, მოსწავლეების მიერ შესრულებული ცეკვა გახლდათ.
„ასეთი სასწავლო პროექტები ეხმარება მასწავლებელს, მოსწავლეებმა ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სინთეზით, სამშობლო და მისი სიყვარული არა მხოლოდ წიგნში ამოკითხულ ცნებად, არამედ ხელშესახებ გრძნობად აღიქვან.
მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს ამ მრავალკვირიანი შრომისა და შემოქმედებითი პროცესისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: