
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
როგორ სკოლაში გვეუბნებიან, 20 მაისს სკოლაში სადღესასწაულო და შთამაგონებელი ატმოსფერო სუფევდა. მაღალი კლასების მოსწავლეებს ჰქონდათ გამორჩეული შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სტუდენტებთან, ამავე სკოლის წარჩინებულ და საამაყო კურსდამთავრებულებთან - არფიკ ჰარუთუნიანთან და ალინა წარუკიანთან.
უნივერსიტეტის სპეციალური პროგრამით მოვლენილი კურსდამთავრებულები ესტუმრნენ მომავალ აბიტურიენტებს, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ სრული ინფორმაცია სტუდენტური ცხოვრების შესახებ. მათ დამსწრეებს დეტალურად გააცნეს უნივერსიტეტის სტრუქტურა, მიმდინარე საქმიანობა, უმაღლესი განათლების უპირატესობები და შესაძლო სირთულეები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამებსა და სტუდენტებისთვის გადაშლილ ახალ პერსპექტივებს.
შეხვედრის დასასრულს, არფიკმა და ალინამ თბილად და ამომწურავად უპასუხეს მოსწავლეების მრავალრიცხოვან კითხვებს და მათ მომავალ გამოცდებზე წარმატებები უსურვეს.
„უდიდესი სიამაყეა ჩვენი აღზრდილების წარმატებების ხილვა და მათი მჭიდრო კავშირი მშობლიურ სკოლასთან. კეთილი იყოს თქვენი მავალი და ახალ-ახალ მწვერვალებს მიაღწიეთ, ძვირფასო სტუდენტებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ კურსდამთავრებულთა სტუმრობა.
იხილეთ ფოტოები: