„როგორც დედა დალოცავს შვილს, ისე გლოცავთ“ - გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის დირექტორის, ცირა ბოცვაძის ემოციური და იმედიანი მიმართვა კურსდამთავრებულებს
25-05-2026

სასწავლო წლის დასასრული ყოველთვის დაკავშირებულია ახლის დასაწყისთან, თუმცა წლევანდელი გაზაფხული გელა ბელაუსოვის სახელობის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გორაბერეჟოულის საჯარო სკოლისთვის განსაკუთრებით ემოციურია - სასკოლო საზოგადოება ერთდროულად აცილებს მეცხრე და მეათე კლასების მოსწავლეებს, რომლებიც საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ იღებენ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება - მიიღონ სრული ზოგადი განათლება, თუ პროფესიული მიმართულებით განაგრძონ სწავლა.

ამასთანავე etaloni.ge-სთან საუბრისას, სკოლის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავს ქვეყნის ყველა მეთორმეტეკლასელის მიმართ, რომლებიც ცხოვრების დიდ გზაზე დგამენ პირველ ნაბიჯებს.

გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის დირექტორმა, ცირა ბოცვაძემ შეაჯამა გასული სასწავლო წელი, ისაუბრა სკოლის მისიაზე, თანამედროვე გამოწვევებსა და იმ დიდ იმედებზე, რომლებსაც თითოეულ მოსწავლეზე ამყარებს.

პროფესიული განათლება – სწორი და პერსპექტიული არჩევანი

თანამედროვე სამყაროში პროფესიული განათლება აღარ არის ალტერნატიული გზა, ეს არის პირდაპირი, მოკლე და წარმატებული ტრაექტორია დასაქმებისა და პიროვნული რეალიზაციისკენ. წელს ჩვენი სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები ერთად ასრულებენ საბაზო საფეხურს და დიდწილად სწორედ ამ პერსპექტიულ მიმართულებას ირჩევენ.

„ეს არის თაობა, რომელიც კარგად აცნობიერებს დროის ფასს და შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ჩვენი სკოლის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემა, არამედ მოსწავლეებში პრაქტიკული უნარების განვითარება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების სწავლება. 9-10 კლასების ერთობლივი გამოსვლა და მათი მასობრივი არჩევანი პროფესიული განათლების სასარგებლოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ შევძელით მათი სწორად ორიენტირება. ისინი მიდიან იქ, სადაც რეალური საქმე და რეალური წარმატებაა. მე ვამაყობ მათი გაბედულებითა და პრაგმატულობით“ - აღნიშნავს სკოლის დირექტორი, თუმცა დასძენს, რომ საკნონმდებლო დონეზე გარკვეული ხარვეზების გამო მე-9 კლასის მოსწავლეებმა ვერ შეძლეს პროფესიულ სასწავლებელში დარეგისტრირება, რამაც ერთგვარი დისკომფორტი შექმნა და ამიტომ ისინი სხვა სოფელში მიიღებენ სრულ ზოგად განათლებას.

სკოლამ კი ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თითოეულ მოსწავლეს საკუთარი ნიჭი და ინტერესები აღმოეჩინა. 

მილოცვა ქვეყნის ყველა მეთორმეტეკლასელს

მიუხედავად იმისა, რომ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლა საბაზოა, სასკოლო საზოგადოება და დირექცია გლობალურად უყურებს ახალგაზრდების განვითარებას და დიდ სიყვარულს გზავნის ქვეყნის ყველა იმ ახალგაზრდის მიმართ, ვინც წელს მე-12 კლასი დაასრულა.

„მინდა გულითადად მივულოცო სკოლის დამთავრება ქვეყნის ყველა მეთორმეტეკლასელს! მიუხედავად იმისა, რომელ სკოლაში ისხედით მერხებთან, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და უდიდესი ძალა. სკოლის დასრულება არის დიდი პასუხისმგებლობის დასაწყისი. გისურვებთ, არასოდეს შეგეშინდეთ დაბრკოლებების, მყარად იდგეთ თქვენს პრინციპებზე და ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის. თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა“, - აღნიშნავს ქალბატონი ცირა და დასძენს „როგორც დედა დალოცავს შვილს, ისე ვლოცავ ყველა ახალგაზრდას...“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203