
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ზემო ნატანების საჯარო სკოლაში კიდევ ერთი ემოციური, საზეიმო და დასამახსოვრებელი ფურცელი ჩაიწერა - მეთორმეტეკლასელებისთვის სკოლის კედლებში ბოლო ზარი დაირეკა, რამაც ერთ სივრცეში გააერთიანა სკოლის მრავალწლიანი ტრადიციები, თაობათა შორის არსებული მტკიცე კავშირი და მომავლის დიდი იმედი.
ღონისძიება განსაკუთრებულად თბილი და ემოციური აღმოჩნდა, რადგან კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება უმცროსმა მეგობრებმა - პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებმა მიულოცეს, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა.
პირველკლასელებმა, კლასის დამრიგებელ თამარ ხომერიკთან და მეორე კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ცისანა გოგოტიშვილთან ერთად საგულდაგულოდ მომზადებული ნომრებითა და გულწრფელი სურვილებით გააცილეს უფროსი მეგობრები ცხოვრების გზაზე. ამ ლამაზმა ჟესტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რამდენად მეგობრული და ერთიანია ზემო ნატანების საჯარო სკოლის დიდი ოჯახი.
კურსდამთავრებულებს გვერდით ედგა მათი დამრიგებელი, ნაირა ურუშაძე, რომელმაც წლების განმავლობაში უდიდესი შრომა, ენერგია და სიყვარული ჩადო თითოეული მოსწავლის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაში.
ამ უმნიშვნელოვანეს დღეს მეთორმეტეკლასელთა გვერდით იყვნენ სკოლის დირექცია, პედაგოგები, მშობლები და მოწვეული საპატიო სტუმრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის დეპუტატი, ბატონი დავით თოიძე და მამა მიქაელი, რომლებმაც ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს, ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლა, დასახული მიზნების მიღწევა და სამშობლოს საკეთილდღეოდ წარმატებული მოღვაწეობა უსურვეს.
სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის სოფლის გამგებელს, ქალბატონ ანა ღლონტს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
ზემო ნატანების საჯარო სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულებით - გვჯერა, ყოველთვის ასახელებთ მშობლიურ სკოლასა და სოფელს!