
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლის რუსული ენისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ხათუნა ღლონტის ინიციატივით, 13 მაისს, საზოგადოება „ძველი ქუთაისელების“ დარბაზში, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო: უფროსი და ახალი თაობის შეხვედრა, მათ შორის ცოცხალი დიალოგის წარმართვა და ქუთაისის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა თუ ტრადიციების გაზიარება ახალგაზრდებისთვის.
როგორც სულორის საჯარო სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საღამოს მასპინძელი გახლდათ პოეტი ირმა ქურასბედიანი, რომელმაც ულამაზესი ლექსებით წარმართა ღონისძიება. შეხვედრაზე შემოქმედებითი ნომრებითა და თბილი მოგონებებით წარდგნენ ქუთაისის ინტელიგენციის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები: საკუთარი ლექსები წაიკითხეს პოეტებმა - ნათელა ივანიაძემ, ედუარდ თუთბერიძემ და გულო გულიხიძემ; საღამოს განსაკუთრებული მუსიკალური ელფერი შესძინეს ოპერის და თეატრის ღვაწლმოსილმა მუსიკოსმა ნათელა ჩანქსელიანმა და მუსიკოსმა ნანა გორგოძემ.
საღამოს დასასრულს, „ძველი ქუთაისლების“ წევრებმა მოსწავლეებს საჩუქრად გადასცეს წიგნები და საკუთარი ლექსების კრებულები, რაც მათთვის უდიდესი მოტივაცია იქნება.
აღნიშნული პროექტი სულორის საჯარო სკოლის დირექტორის და სოფლის დეპუტატის, ქალბატონ დოდო ჩახუნაშვილის სრული მხარდაჭერით, აგრეთვე VI, VII, X, XI , XII კლასების დამრიგებლების აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
საგულისხმოა, რომ ამ იდეის ირგვლივ სკოლის სხვადასხვა - მათემატიკის, დაწყებითი განათლების, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენების, საზოგადოებრივი მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ესთეტიკური აღზრდის კათედრის პედაგოგები გაერთიანდნენ.
ასევე, სასკოლო საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მშობლების მხარდაჭერა და მათი უშუალო ჩართულობა ამ პროცესში.
„გულწრფელ მადლობას ვუხდი ქალბატონ ირმა ქურასბედიანს, სკოლის დირექციას, თითოეულ პედაგოგს, მშობელსა და მოსწავლეს, რომელთა ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერითაც აღნიშნული ღონისძიება შედგა და ასეთი წარმატებული აღმოჩნდა!“, -აღნიშნავენ სკოლაში.