
მწვერვალებით გარშემორტყმულ, დიდებულ უშგულში კიდევ ერთი ისტორიული და ემოციური დღე დადგა - უშგულის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა, რომელიც მოსწავლეებს უდარდელი ბავშვობის დასასრულსა და სრულიად ახალი, დიდი ცხოვრებისეული ეტაპის დასაწყისს ამცნობს.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში უშგულის საჯარო სკოლა ამ ახალგაზრდებისთვის იყო არა მხოლოდ ცოდნის ტაძარი, არამედ მეორე სახლი, სადაც ისინი პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. დღეს, როდესაც ისინი მშობლიური სკოლის კედლებს ტოვებენ, სასკოლო საზოგადოება მათ უდიდესი სიამაყითა და იმედით აცილებს. მასწავლებლების მიერ გაზიარებული ცოდნა და ღირებულებები იქნება ის მყარი საძირკველი, რომლითაც ისინი მომავალში უამრავ მწვერვალს დაიპყრობენ.
გამოსამშვიდობებელი წუთები სავსე იყო სევდიანი ღიმილითა და სამომავლო გეგმებზე საუბრით. თეთრ პერანგებზე დატანილი თბილი სურვილები კი კურსდამთავრებულებს მუდამ შეახსენებს იმ ლამაზ წლებს, რომლებიც მათ სკოლაში გაატარეს.
„უშგულის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და უმცროსკლასელები გულითადად გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს! გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებასა და ყველა ოცნების ახდენას! იარეთ ყოველთვის წინ, ირწმუნეთ საკუთარი თავის და ასახელეთ თქვენი მშობლიური კუთხე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.