
თანამედროვე განათლებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ფრაზა - „თეორია პრაქტიკის გარეშე მკვდარია...“ - ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის; მათ ეს პრინციპი საკუთარი ხელით განხორციელებულ საინტერესო პროექტში ასახეს.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა თეორიულად შეისწავლეს ბუნებრივი მოვლენები, კერძოდ, ქარის ძალა და მისი მიმართულება. მიღებული ცოდნის გასამყარებლად კი მათ საკუთარი ძალებით დაამზადეს ფლუგერი (ქარის მიმართულების მაჩვენებელი ხელსაწყო).
ბავშვებმა დიდი მონდომებით ააწყვეს კონსტრუქცია, შემდეგ კი სკოლის ეზოში პრაქტიკულად გამოსცადეს კიდეც.
აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლა ყოველთვის უჭერს მხარს ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს კვლევით, ანალიტიკურ და პრაქტიკულ უნარებს უვითარებს. მსგავსი თვალსაჩინო და სახალისო ექსპერიმენტები კი ბავშვებს ეხმარება, უკეთ გაიგონ მეცნიერების საფუძვლები და შეიყვარონ საგანი.