თეატრალური დღესასწაული არაგვის საჯარო სკოლაში: „ქაჩ ნაზარის“ გაცოცხლებული ისტორია და უმთავრესი შეგონება
22-05-2026

ხელოვნებასა და ლიტერატურას შეუძლია სკოლის კედლებში ნამდვილი საოცრებები მოახდინოს. სწორედ ასეთი დაუვიწყარი ატმოსფერო შეიქმნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, არაგვის საჯარო სკოლაში, სადაც ნამდვილი თეატრალური დღესასწაული მოეწყო.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა, სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ჰაიკანუშ გადიანის ხელმძღვანელობით, მაყურებელს ჰოვანეს თუმანიანის ცნობილი ზღაპრის, „ქაჩ ნაზარის“ (მამაცი ნაზარი) მიხედვით დადგმული სპექტაკლი შესთავაზეს.

წარმოდგენა საინტერესო, ემოციური და იუმორით სავსე აღმოჩნდა. პატარა მსახიობებმა გააცოცხლეს ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები, ზარმაცი და მშიშარა, თუმცა ბედისწერის წყალობით „გმირად“ შერაცხული ნაზარის სახალისო თავგადასავალი მაყურებლამდე უზადოდ მიიტანეს.

როგორც არაგვის სკოლის დირექტორი, ანდრიას აბდოიანი გვიამბობს, განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა ფინალური ნაწილი, სადაც პერსონაჟების - „იღბლისა“ და „ჭკუის“ - „პაექრობა“ გაიმართა. პატარებმა კი დაასკვნეს: მხოლოდ იღბალს, შრომისა და სწავლის გარეშე, ადამიანისთვის სიკეთე არ მოაქვს. ამ სიმბოლური სცენით მასწავლებელს სურდა, დამსწრე საზოგადოებისთვის შეეხსენებინა, რომ იღბალი წარმავალია, ცოდნა კი ის უძლეველი იარაღია, რომლითაც ცხოვრებაში ყველა წინააღმდეგობის გადალახვაა შესაძლებელი.

სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულმა დეკორაციებმა და კოსტიუმებმა წარმოდგენა უფრო ეფექტური გახადა. სპექტაკლმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა, სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა და მშობლებმა მოსწავლეებსა და პედაგოგ ჰაიკანუშ გადიანს გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. აღინიშნა, რომ მსგავსი აქტივობები უმნიშვნელოვანესია ბავშვებში შემოქმედებითი უნარების განვითარების, თვითგამოხატვისა და თეატრალური ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203