წლები ელვის სისწრაფით გარბის, თუმცა არის დღეები, რომლებიც ადამიანის მეხსიერებაში წარუშლელ კვალს ტოვებს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ალათუმანის საჯარო სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი, ემოციებითა და მონატრებით სავსე ფურცელი ჩაიწერა - მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. ეს ხმა ერთდროულად ნიშნავს უდარდელი ბავშვობისა და ცხოვრებისეული ეტაპის დასასრულს, თანაც სრულიად ახალი, დიდი და საპასუხისმგებლო გზის დასაწყისს გვამცნობს.
მე-12 კლასელებმა წარმოადგინეს უბადლოდ მომზადებული, შემოქმედებითი და გულშიჩამწვდომი პროგრამა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ერთდროულად მოჰგვარა სიხარულის ღიმილიც და სენტიმენტალური ცრემლიც. მთელი ღონისძიება განმსჭვალული იყო პედაგოგების მიმართ უდიდესი სიყვარულით, პატივისცემითა და იმ თბილი, გულწრფელი სამადლობელო სიტყვებით, რომლებსაც მოსწავლეები მასწავლებლების მიმართ არ იშურებდნენ.
ღონისძიების ყველაზე ამაღელვებელი და სიმბოლური მომენტი მშობლიური და ქართული ჰიმნების აჟღერება იყო. ამ ორმა ჰიმნმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენი ახალგაზრდების იდენტობას, ერთიანობას და იმ ფესვებს, რომლებზეც ისინი აღიზარდნენ.
ამ ლამაზ გზაზე მოსწავლეთა თითოეულ წარმატებასა და მათ პიროვნულ წინსვლაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კლასის დამრიგებელს ნაირა კუკოიანს.
ქალბატონი ნაირა წლების განმავლობაში მათთვის არა მხოლოდ მეგზური, არამედ თითოეული მათგანის მესაიდუმლე და დიდი გულშემატკივარი იყო. მან საკუთარი სულის ნაწილი ჩადო თითოეულ აღსაზრდელში, ასწავლა მათ ერთგულება, შრომისმოყვარეობა და უბიძგა წინსვლისკენ.
კურსდამთავრებულებს სამომავლო ასპარეზზე გასვლა და ცხოვრების ახალი ეტაპზე გადასვლა ოფიციალურად მიულოცა სკოლის დირექტორმა, პეტროს ტონოიანმა. თავის გამოსვლაში მან ახალგაზრდებს სკოლის დასრულება მიულოცა და უსურვა სიმტკიცე, წარმატებები და დასახული მიზნების მიღწევა.
ბატონმა პეტროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალათუმანის საჯარო სკოლა ყოველთვის იამაყებს მათით, სადაც უნდა წავიდნენ და რა მწვერვალებსაც უნდა მიაღწიონ ცხოვრებაში. სკოლის კარი მათთვის ყოველთვის ღია იქნება.