
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ფიზიკის კონფერენცია გაიმართა, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ჩატარდა.
ფიზიკის კონფერენცია კონსულტანტ-მასწავლებლის - ვაჟა ტეტუნაშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ იმერისა და ბარეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ფიზიკის, მათემატიკისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული პროექტები, პრაქტიკული ექსპერიმენტები.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ფიზიკის კონსულტანტ-მასწავლებლის მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების გამოფენა-პრეზენტაცია.
კონფერენციას ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სხვადასხვა სკოლის პედაგოგები, მშობლები და ადგილობრივი საზოგადოების წევრები.
ღონისძიების მთავარი მიზანი მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაცია, პრაქტიკული სწავლების ხელშეწყობა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების გაცნობა იყო.
ფოტო: მასწავლებლის სახლი