მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს - შეხვედრები 22 მაისიდან დაიწყება 
21-05-2026
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის 22 მაისიდან დაიწყებს.
 
პირველი შეხვედრა, რომელიც საბაზო პროფესიული უნარებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებს შეეხება, 14:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათამდე გაგრძელდება.
 
მეორე შეხვედრა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდასთან დაკავშირებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე ჩატარდება.
 
შეხვედრა Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით ჩატარდება. მონაწილეები ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ.
 
საბაზო პროფესიული უნარებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებისადმი მიძღვნილ შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარებისა და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსი ირინე ჟვანია და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები - ლელა ტყეშელაშვილი და ხათუნა მხეიძე გაუძღვებიან.
 
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდის შესახებ ისაუბრებს ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარებისა და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის კომპიუტერული ტექნოლოგიების საგამოცდო ტესტების მიმართულების კოორდინატორი რუსუდან მარკოზაშვილი.
 
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ რეჟიმში, წერილობით დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და ცენტრის ექსპერტებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონ.
დასწრება თავისუფალია.
 
შეხვედრაზე დასასწრები ბმული: https://bit.ly/4uULzPC
 
-----
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203