თბილისის N12 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში ლიტერატურული ღონისძიება გამართეს 
21-05-2026

თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. დიდი ილიას იდეები კი ის საფუძველია, რაზეც ქართული ეროვნული აზროვნება დგას. 

ერის მამის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ გასაცნობად, მე-3 კლასის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ. 

სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე მე-3 კლასელები, დამრიგებელმა დარეჯან კობალაძემ წაიყვანა და მოსწავლეებს სახელოვანი წინაპარი უკეთ გააცნო. 

მე-3 კლასელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები - პირადი ნივთები, ხელნაწერები, ფოტოები და სხვა ისტორიული მასალები, რომლებიც თვალსაჩინოდ აცოცხლებს იმ ეპოქას, რომელშიც დიდი საზოგადო მოღვაწე ცხოვრობდა.

მუზეუმის გიდმა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ისტორიული ცნობები გააცნო. ცნობისმოყვარე მე-3 კლასელებმა საინტერესო კითხვებიც დასვეს და ამომწურავი პასუხებიც მოისმინეს.

ექსკურსიის დასკვნით ნაწილში, სახლ-მუზეუმის ეზოში, მოსწავლეებმა, დამრიგებლის - დარეჯან კობალაძის ხელმძღვანელობით, ლიტერატურული ღონისძიება გამართეს.

მათ მხატვრულად წაიკითხეს ილიას პოეტური და პუბლიცისტური ნაწარმოებების ფრაგმენტები, გააცოცხლეს მისი შემოქმედება და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ერის მამის დატოვებული ანდერძი: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით?“

მუზეუმის ისტორიულ ეზოში, ამ დღეს, ეროვნულმა სულმა იზეიმა -  ახალმა თაობამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ილია ჭავჭავაძის ფასეულობები უკვდავია.

ამ ყველაფერში კი უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი, რომელმაც ბავშვებს ჭავჭავაძის შემოქმედება არა მხოლოდ გააცნო, არამედ დიდი ილიას მაგალითზე აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოს სიყვარული. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203