შთამბეჭდავი სოციალური პროექტი დადეშის საჯარო სკოლაში
21-05-2026

„ბუნება არ არის ჩვენი საკუთრება, იგი ვისესხეთ მომავლისგან“ - ამ უმნიშვნელოვანესი დევიზით, 15 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლაში მასშტაბური და მრავალფეროვანი სოციალური პროექტი განხორციელდა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღეს, როდესაც კლიმატის ცვლილება დედამიწაზე სახიფათო ნიშნულს უახლოვდება, გარემოსდაც-ვითი განათლება სასიცოცხლოდ აუცილებელია. სწორედ ამიტომ, პროექტის ავტორებმა - ცირა მამაცაშვილმა, აიგუი მანასიანმა, გოჰარ მარტიროსიანმა და არუსიაკ ხაჩატრიანმა - სკოლის მიზნად დასახეს, და მშობლიურ ბუნებაზე - დედამიწაზე ზრუნვა მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ ერთჯერადი აქცია, არამედ ყოველდღიური ცხოვრების წესი და ერთ-ერთი უმთავრესი უნარ-ჩვევა გახდეს. მათ ეს მიზანი პროექტად ჩამოაყალიბეს და  ადმინისტრაციისა და თემის მხარდაჭერით წარმატებით განახორციელეს.

ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) გამჭოლიკომპეტენციების შესაბამისად, პროექტმა გააერთიანა ქართულის (როგორც მეორე ენის), საბუნებისმეტყველო საგნების, სამოქალაქო განათლებისა და მათემატიკის მასწავლებლები. I-დან XII კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო დაგეგმილ აქტივობებში.

პროექტის აქტივობები - საინფორმაციო კამპანია (პრეზენტაციები და თემატური ფილმების ჩვენება კლიმატის ცვლილებებზე), ორენოვანი შემოქმედება (ქართულ და სომხურ ენებზე საინფორმაციო ბუკლეტები და პლაკატების დამზადება), სოფლის ქუჩებში საინფორმაციო აქცია ტრანსფარანტებით მოსახლეობისთვის გარემოს დაცვისკენ მოწოდებებით, დასუფთავება და კონკურსები (სკოლის ეზოსა და სოფლის შემოსასვლელის დასუფთავება, ნახატების კონკურსი და ინტელექტუალური ვიქტორინა „რა ვიცი დედამიწის შესახებ“, - მოსწავლეებისთვის საინტერესო, მიმზიდველი და მამოტივირებელი აღმოჩნდა.

პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და პრაქტიკული ნაწილი 4-5 მაისს გამართული მცენარეთა დარგვის აქცია -„მწვანე ნერგები სიცოცხლით სავსე  მომავლისათვის“ - აღმოჩნდა. მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან და თემის წევრებთან ერთად, ხელში ბარები და ფიჭვის მწვანე ნერგები აიღეს და სკოლის ეზოში მუშაობას შეუდგნენ.

„უფროსი და უმცროსი თაობის გვერდიგვერდ მუშაობა, ნიადაგის მომზადება, ნერგების სიყვარულით ჩარგვა, მორწყვა და მოვლა (მომდევნო დღეებსა და კვირებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში) ხელს შეუწყობს  ჩვენი ბავშვების  ნამდვილ „ეკოელჩებად“ ჩამოყალიბებას. თითოეული ჩარგული ხე სოფელ დადეშის საჯარო სკოლის ეზოში არის პირობა, რომ ეს ბავშვები დედამიწას ყოველთვის გაუფრთხილდებიან“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ პროექტი 6 მაისს შემაჯამებელი ღონისძიებითა და შედეგების პრეზენტაციით დასრულდა. თუმცა, მისი მდგრადობა ამით არ იწურება:

·  მოსწავლეებმა შეიძინეს პასუხისმგებლობის ღრმა განცდა და მიღებულ ცოდნას ახლა უკვე უმცროს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს გადასცემენ.

·  სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდა კიდევ უფრო გაძლიერდა.

· ადგილობრივ თვითმმართველობასთან, თემსა და მოხალისეებთან დამყარებული პარტნიორობა უზრუნველყოფს, რომ მსგავსი ეკოაქციები სოფელში სისტემატურ ხასიათს მიიღებს.

„ბუნება მართლაც მომავლისგან ნასესხები საუნჯეა და დადეშელი მოსწავლეები მას საიმედო ხელში ინახავენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203