„ფესვებიდან მომავლისკენ“ - გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის 1700 წლისთავს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
21-05-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში გაიმართა შთამბეჭდავი ღონისძიება სახელწოდებით - „ფესვებიდან მომავლისკენ“, რომელიც საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის 1700 წლისთავს მიეძღვნა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავს აღნიშნავს. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს სკოლა განსაკუთრებული შემოქმედებითი ღონისძიებით გამოეხმაურა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

საზეიმო დღე მთლიანად მოსწავლეთა შემოქმედებითი ენერგიით იყო განსმჭვალული. მათ კიდევ ერთხელ გააცოცხლეს წმინდა ნინოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიული ეპიზოდები. სცენიდან გაჟღერდა თემატური ლექსები, შესრულდა ულამაზესი ქართული ტრადიციული ცეკვები და  წარმოდგენილ იქნა მოსწავლეების მიერ მომზადებული საინტერესო ვიდეო-რგოლები, რომლებმაც მაყურებელს საქართველოს გაქრისტიანების გზა თვალსაჩინოდ დაანახა.

ღონისძიების კულმინაციად იქცა თეატრალური ინსცენირება, რომელმაც მაყურებელი IV საუკუნის საქართველოში დააბრუნა. მოსწავლეებმა დიდი ოსტატობით გააცოცხლეს მირიან მეფის ნადირობისა და დაბნელების ცნობილი ეპიზოდი თხოთის მთაზე, ასევე მირიან მეფისა და ნანა დედოფლის ემოციური დიალოგები წმინდა ნინოს, მისის სასწაულებისა და ახალი რწმენის შესახებ. მსახიობურმა ნიჭმა და კოსტიუმებმა წარმოდგენას განსაკუთრებული ეფექტურობა შესძინა.

სასკოლო ზეიმს საპატიო სტუმრებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებას დაესწრნენ საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და მოძღვრები. სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს მოსწავლეების ნამუშევარს, ხაზი გაუსვეს ახალგაზრდებში ტრადიციებისა და ისტორიული ფასეულობების შენარჩუნების მნიშვნელობას და სკოლის კოლექტივსა და ბავშვებს მადლობა გადაუხადეს ასეთი შთამბეჭდავი, შემეცნებითი და ამავდროულად სანახაობრივი დღის ორგანიზებისათვის.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს, ვინც წვლილი შეიტანა ამ ლამაზი დღესასწაულის შექმნაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203