
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლიდან ერთადერთი კურსდამთავრებული საზეიმოდ გააცილეს.
20 მაისს, სკოლაში „ბოლო ზარის“ ღონისძიება ჩატარდა. წელს, მე-12 კლასი მხოლოდ ერთმა მოსწავლემ - საბა სამსახარაძემ დაამთავრა, რომელსაც მთელმა სკოლამ დიდი სიყვარულით დაულოცა გზა.
დღე ემოციებით იყო სავსე, მოსწავლე კეთილი სურვილებით შეამკო სასკოლო საზოგადოებამ, თავად კი მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, რომ დიდ შრომას დებდნენ მის წარმატებაში.
სკოლამ ემოციურად გააცილა მოსწავლე და გზა დაულოცა დამოუკიდებელი ცხოვრების ასპარეზზე:
„დღეს, ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული დღეა. მე-12 კლასს ამთავრებს ერთადერთი მოსწავლე საბა სამსახარაძე. გაიზარდა ჩვენს პატარა, მრავალფეროვან კლას-კომპლექტში, სადაც ყოველი დღე ერთმანეთის მხარდაჭერით, უფროს-უმცროსობის სიყვარულითა და მეგობრობით იყო სავსე. ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის კოლექტივი მადლობას გიხდით იმ სითბოსა და პასუხისმგებლობისთვის, რაც ჩვენს სკოლაში შემოიტანე. დღეს შენ ტოვებ ამ მყუდრო, ოჯახურ გარემოს და დიდ სამყაროში მიდიხარ. გისურვებთ წარმატებებს“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.