საზეიმოდ დარეკილი „ბოლო ზარი“ და კურსდამთავრებულთა გაცილების ლამაზი ღონისძიება ტყიბულის N2 სკოლაში
20-05-2026

2025-2026 სასწავლო წელი მეთორმეტეკლასელებისთვის დღეს, 20 მაისს დასრულდა. 2026 წელს „ბოლო ზარი“ 42 853 მე-12 კლასელისთვის დაირეკა. 

კიდევ ერთი ლამაზი თაობა დააფრთიანა ტყიბულის N2 საჯარო სკოლამ.

სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა - ეს იყო ემოციებით სავსე დღე, რომელიც კურსდამთავრებულთა ცხოვრებაში დაუვიწყარი მოგონებად ჩაიწერა. 

გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი მომენტები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დირექტორმა და მასწავლებლებმა აღზრდილებს გზა დაულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს. 

„ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში ცხოვრების საინტერესო და საოცარი ეტაპი დაუდგათ მეთორმეტე კლასელებს - ზრდასრულობის ეტაპი. ეს ის პერიოდია, მეწყერივით მოვარდნილი სიხარული და სევდა რომ ერწყმის ერთმანეთს, ლამაზი მოლოდინისა და საოცარი აღტაცების შეგრძნებას რომ იწვევს.

ჩვენო ძვირფასებო, მიდიხართ მაგრამ აქ, თქვენს ლამაზ სავანეში ტოვებთ საოცარ ბავშვობას, რომელიც ყველა სახის დადებითი და სახალისო ემოციითაა დატვირთული.

ტყიბულის N2 საჯარო სკოლა, თქვენი მშობლიური კერა და ცოდნის ტაძარი, გაცილებთ, როგორც თავისი გამოშვების ერთ-ერთ საუკეთესო კლასს - „სიმშვიდის ელექსირს“.

აქ თქვენი ცხოვრების ულამაზეს წუთებს ტოვებთ, რაც ტკბილ მოგონებად დაგვრჩება.

გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გასვლას! სიყვარულით, სიკეთითა და მშვიდობით გევლოთ თქვენი სამშობლოსა და ერის საკეთილდღეოდ!“,- ვკითხულობს სკოლის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203