ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიქტორინა-კონკურსში -„ქუთაისის მემატიანე“ - წარმატება მოიპოვეს 
20-05-2026

ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.

„არაფორმალურ აქტივობებში მოსწავლეთა ჩართვა ზრდის მათ ინიციატივიანობას, პასუხისმგებლიანობას, შინაგან მოტივაციასა და ინტერესს, მიღებული ცოდნის ღირებულებას, კრეატიულ, პრაქტიკულ და შემოქმედებითი უნარებს,რაც დადებითად აისახება მათ მომავალზე. მოსწავლეებს წარმატებებისკენ სწრაფვაში დიდად ეხმარება შემეცნებით-ინტელექტუალურ კონკურსებში მონაწილეობა. შესაბამისად, N21 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მაღალი ინტერესი აქვთ კლასგარეშე საქმიანობისადმი“,- აღნიშნავენ სკოლაში.

ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების პატრონაჟითა და ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა- ლიცეუმის ისტორიისა და მოქალაქეობის პედაგოგის - ნოდარ ჭუმბურიძის ორგანიზებითა და ინიციატივით, 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსწავლეებისათვის ჩატარდა საგანმანათლებლო ღირებულებებით დატვირთული ვიქტორინა-კონკურსი ​ - „ქუთაისის მემატიანე 2026“.

კონკურსის მიზანი გახლდათ განათლების ხარისხის ამაღლება, ლიდერების აღმოჩენა, ისტორიული ცოდნის გაღრმავება. ინიციატივების წახალისება და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.

კონკურსი სამი ტურისგან შედგებოდა. ერთ-ერთი ტური ზოგად კითხვებს მოიცავდა, ძირითადი ორი ტური - ქუთაისის ისტორიას  - XIX საუკუნის დასაწყისიდან XX საუკუნის 20-იანი წლების ჩათვლით.

N21 საჯარო სკოლიდან აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობდნენ მე-11 კლასის მოსწავლეები: ნინო ინასარიძე და ელენე ბაბუნაშვილი, ხელმძღვანელი ისტორიის წამყვანი მასწავლებელი მზია ჯანელიძე. ბავშვებმა მაღალი თეორიული ცოდნა გამოამჟღავნეს და მესამე ადგილი ხვდათ წილად. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონკურსში ჩართულობით მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ცოდნის არეალი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო უნარები. მიეცათ მოტივაცია, ისწავლონ და ისწრაფონ წარმატებისკენ.

„წარმატებებსა და უამრავ ლამაზ დღეს ვუსურვებთ ჩვენს ნიჭიერ და ჭკვიან მოსწავლეებსა და სკოლის კრეატიულ, სიახლეებითა და ძიებით, სიღრმისეული სასწავლო საქმიანობით, მაღალი ცოდნითა და პროფესიონალიზმით გამორჩეულ პედაგოგს, ქალბატონ მზია ჯანელიძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203