
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში I კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ლია მეხრიშვილის ხელმძღვანელობით, განახორციელეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინტეგრირებული პროექტი თემაზე - „წელიწადის დროები“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი აერთიანებდა ბუნებისა და ქართული ენის მიმართულებებს და მიზნად ისახავდა მოსწავლეებში წელიწადის ოთხი დროის შესახებ ცოდნის გაღრმავებას, ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვებას, სეზონების ნიშნების ამოცნობას, საკუთარი აზრის გამოხატვასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს გაზაფხულზე, ზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარზე. დაასახელეს თითოეული სეზონის დამახასიათებელი ნიშნები, დააკავშირეს სეზონები ამინდთან, ტანსაცმელთან, ბუნებრივ მოვლენებთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ბავშვებმა შექმნეს თემატური ნახატები, პოსტერი, კედლის გაზეთის ნაწილი. მათ საკუთარი ნამუშევრები დიდი მონდომებით წარმოადგინეს კლასის წინაშე.
პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში დაკვირვების, მეტყველების, თანამშრომლობის, შემოქმედებითობისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსწავლეთა აქტიურობა, ინტერესი და გულწრფელი სიხარული, რომლითაც ისინი ჩაერთნენ თითოეულ აქტივობაში.
სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური მადლობას უხდის პედაგოგ ლია მეხრიშვილს ასეთი შინაარსიანი, ასაკობრივად სწორად დაგეგმილი და შემოქმედებითი პროექტის განხორციელებისთვის.
„მადლობა ქალბატონ ლია მეხრიშვილს და ჩვენს პატარა, მონდომებულ მოსწავლეებს აქტიური, საინტერესო და შედეგიანი მუშაობისთვის. მსგავსი პროექტები ბავშვებს ეხმარება სამყაროს უკეთ შეცნობაში, ბუნებაზე დაკვირვებაში, საკუთარი აზრის გამოხატვასა და სწავლისადმი სიყვარულის გაძლიერებაში.
ვულოცავთ I კლასის მოსწავლეებსა და მათ მასწავლებელს პროექტის წარმატებით განხორციელებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ საინტერესო, შემოქმედებით და წარმატებულ სასწავლო გამოცდილებას!“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტო: