ქუთაისის N21 სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული, ლიტერატურული სასამართლო პროცესი გამართეს - მე-8 კლასელებმა ციციკორე გაასამართლეს
19-05-2026

ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამ მიმართულებით პერსონაჟის გასამართლება ყოველთვის დიდ ინტერესსა და ვნებათღელვას იწვევს მათში. მოსწავლეებს ხიბლავთ ახალ, უცნობ და მიმზიდველ ამპლუაში ყოფნა.

15 მაისს ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე მე-8 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მარიტა გვეტაძე) გიორგი ლეონიძის უკვდავი ნაწარმოების - „ნატვრის ხის“ მიხედვით, იმიტირებული სასამართლო სხდომა გამართეს. მათ მთავარი პერსონაჟი ციციკორე გაასამართლეს.

პროექტს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ნანა ბოდოკია.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა გაიფართოვეს თვალსაწიერი, გაეცნენ სასამართლოს მოდელირებას, საქმეების განხილვის პროცედურებს, გაინაწილეს როლები. ყველა მხარემ გაიაზრა თავიანთი მოვალეობანი და ძირითადი მეთოდები.

მოსწავლეებმა მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, ნაფიცი მსაჯულების როლი კარგად გაითავისეს და სასამართლოზე ციციკორეს ბრალი წაუყენეს. არგუმენტირებულად იმსჯელეს ეპოქისათვის დამახასიათებელ თემებზე, პრობლემურ საკითხზე, დანაშაულის, უფლებების დარღვევის, ჩაგვრის, ცილისწამებისა და ღირსების შესახებ. წარმოაჩინეს ადამიანთა სისასტიკე, საზოგადოების გულგრილობა. ისინი ღიად გამოთქვამდნენ საკუთარ აზრებს, აყალიბებდნენ დასკვნებს. ხმის სიმაღლითა და ჟღერადობით ცდილობდნენ, გადმოეცათ პერსონაჟის გრძნობებისა და სათქმელის შინაარსი. მათ შორის პაექრობა იყო საინტერესო, რადგან ემყარებოდა ლიტერატურულ ფაქტებსა და არგუმენტებს.

როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მისიას. მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და ბრალდებულ ციციკორეს უსამართლო გადაწყვეტილების გამო, სხვისი ღირსების შელახვისა და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის შესაფერისი სასჯელი დაადეს, დამნაშავედ ცნეს.

მოსწავლეებმა ამბავი თანამედროვე ეპოქაში გადმოიტანეს. დიალოგი საზოგადო პრობლემებზე კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესოდ წარიმართა. მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებდნენ აზრებს. ემყარებოდა ფაქტებსა და არგუმენტებს.

აუდიტორიისგან მაღალი შეფასება მიეცა იმიტირებულ- ლიტერატურულ სასამართლოს და მხარი დაუჭირეს სასწავლო პროცესში ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებას.

„ასეთი ღონისძიებები განსაკუთრებულად ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, წესრიგისა და კანონის უზენაესობის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, მოქალაქეობრივი პოზიციის, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, ინტელექტუალურ და სოციალურ, აუდიტორიის წინაშე გამოსვლის განვითარებას. გადადგმული ნაბიჯებია პროფესიულ ორიენტაციისა და კარიერულ დაგეგმვის მიმართულებით.

დიდ წარმატებებს ვუსურვებთ პროექტის მონაწილე სკოლის მრავალმხრივ ნიჭიერ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს, ფართო აზროვნებისა და შეხედულებების მქონე ქალბატონს, ნანა ბოდოკიას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203