
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები ქიმიას მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ.
ქიმიის მასწავლებელი ირინა ვიდულინა სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდს მიმართავს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება.
სულ ახლახან, X3 და X4 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი, რომელიც ატომის აღნაგობისა და პერიოდული სისტემის შესწავლას ეძღვნებოდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს უნიკალური მოდელები, რომლებშიც სტანდარტული სამეცნიერო ხედვა საკუთარი ინტერპრეტაციით გაამდიდრეს. მათთვის ქიმია არ არის მხოლოდ სიმბოლოების ერთობლიობა - ეს არის ფუნდამენტური წესრიგი, რომლის აღქმასაც ისინი ვიზუალური ხელოვნების მეშვეობით შეეცადნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს ნამუშევრები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს რთული სამეცნიერო კონცეფციების - ელემენტთა კავშირისა და ატომური სტრუქტურის - გააზრება და მათი შემოქმედებითად გადმოცემა.
ასევე, პედაგოგ ირინა ვიდულინას ხელმძღვანელობით, სასწავლო ტურის ფარგლებში, კი მე-9 კლასის მოსწავლეები კვლევით ლაბორატორიას ეწვივნენ, სადაც გარემოსა და საკვები პროდუქტების მონიტორინგის პროცესებს პრაქტიკულად გაეცნენ.
ვიზიტისას მათ მიმოიხილეს ქიმიური ანალიზის მეთოდები, რაც წყლისა და ნიადაგის შემოწმებას გულისხმობს ქლორიდ-იონების შემცველობაზე. მოსწავლეები ასევე გაეცნენ ტოქსიკოლოგიურ კვლევებს, კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქტებში პესტიციდების განსაზღვრის მეთოდოლოგიას. პარალელურად, ყურადღება დაეთმო მიკრობიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის როლს საკვები ჯაჭვის მავნე ორგანიზმებისგან დაცვის პროცესში.
იხილეთ ფოტოები: