სკოლის დირექტორებს წინასაარჩევნო კამპანიაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართვის გამო გაათავისუფლებენ - ფაშინიანმა პირადად მოსთხოვა განცხადების დაწერა
15-05-2026

NEWS.am-ის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აპარანის თემის 4 სკოლის დირექტორს გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, მიზეზი კი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მმართველი პარტიის მიტინგზე მასწავლებლებისა და მოსწავლეების მობილიზება გახდა.

აღსანიშნავია, რომ დირექტორებმა განცხადებები ნებაყოფლობით დაწერეს. თუმცა იურიდიულად მათ სამსახურიდან შიდა მოკვლევის დასრულებამდე არ გაათავისუფლებენ.

თუ გამოძიება დაადასტურებს, რომ დირექტორებმა უკანონო ბრძანება გასცეს, ისინი საბოლოოდ დატოვებენ თანამდებობას, დარღვევის არარსებობის შემთხვევაში კი მუშაობას გააგრძელებენ.

მოვლენები ასე განვითარდა: 13 მაისს სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლების ნაწილში საგაკვეთილო საათები სპეციალურად შეამცირეს, რათა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტიის წინასაარჩევნო მიტინგზე დასწრება შეძლებოდათ.

წინასაარჩევნო შეხვედრაზე აპარანის ერთ-ერთმა მკვიდრმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ფაშინიანს პირდაპირ ჰკითხა, ნორმალური იყო თუ არა სასწავლო პროცესის დროს პედაგოგების მიტინგზე დასწრება. ფაშინიანმა მაშინ შეკითხვას არ უპასუხა, ავტობუსში ჩაჯდა და ტერიტორია დატოვა. ​მოგვიანებით კი, 14 მაისს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ პირადად დაურეკა და მოსთხოვა გადადგომის შესახებ განცხადებების დაწერა იმ 4 სკოლის დირექტორს, სადაც აღნიშნული დარღვევა დაფიქსირდა.

სომხეთის განათლების სამინისტრომ შიდა მოკვლევა დაუყოვნებლივ დაიწყო. ფაშინიანის თქმით, დე იურე დირექტორები მანამ არ გათავისუფლდებიან, სანამ გამოძიება ოფიციალურად არ დასრულდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ გამოძიება დაადასტურებს, რომ დირექტორების მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ისინი საბოლოოდ დაემშვიდობებიან თანამდებობას. 

განათლების სამინისტრომ მიღებული ანგარიშები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებსაც გადაუგზავნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203