მაისში ფინანსურ დახმარებას პედაგოგები მიიღებენ - მინისტრის მოადგილე დეტალებზე საუბრობს
19-05-2026

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში წარუდგინა, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2026 წლის პირველ სამ თვეში, განათლების სამინისტროსგან ოკუპირებული რეგიონების მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს ფინანსური დახმარება არ მიუღია.

დოკუმენტით ირკვევა, რომ განათლების სამინისტროს, ოკუპირებული რეგიონების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებისთვის გამოყოფილი 1,443.0 ათასი ლარიდან, ამ მიმართულებით, არაფერი დაუხარჯავს, რაც ბიუჯეტის 0%-იანი ათვისებაა.

კაკაურიძის განმარტებით, თანხა ტექნიკური პრობლემის გამო ვერ გადაირიცხა, თუმცა მაისში შეფერხება აღმოიფხვრება.

„გარკვეული პრობლემები შეიქმნა სიებისა და ანგარიშების მოწოდებასთან დაკავშირებით. მოგეხსნებათ, იქ ცოტა რთულია კომუნიკაცია, თუმცა აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო. დაევალა ასევე ამაში ჩართვა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას და ვფიქრობთ, რომ მაისის თვეში უკვე შესაძლებელი იქნება, რომ ზუსტი სიები და ანგარიშის ნომრები იქნას წარმოდგენილი. ეს თანხები მზად არის გადასარიცხად, უბრალოდ გარკვეული ტექნიკური პრობლემაა. ამ ნაწილში იყო შეფერხება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203