
სკოლა „ანაბასისის“ VIIIბ კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ხელოვნების ჰარმონია“ - განსაკუთრებული ემოციებითა და შთაგონებით წარმოადგინეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ხელოვნების მთავარი დანიშნულება ადამიანისათვის ესთეტიკური სიამოვნების მინიჭებაა, ხოლო ლიტერატურა ამ გზაზე მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამგზავრია. სწორედ ამ ორი სამყაროს ჰარმონიული შერწყმით იბადება შედევრები, რომლებიც დროს უძლებენ და ადამიანთა გულებში სამუდამოდ რჩებიან.
მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს ხელოვნებისა და ლიტერატურის განუყოფელი კავშირი. ღონისძიების ფარგლებში მათ წაიკითხეს ბრძნული გამონათქვამები, ისაუბრეს ხელოვნების სხვადასხვა დარგზე - კინოზე, მუსიკაზე, ქორეოგრაფიაზე, ქანდაკებაზე, ფერწერასა და თეატრზე.
განსაკუთრებული სიყვარულით გაიხსენეს ქართული კულტურის გამორჩეული წარმომადგენლები: ვარინკა წერეთელი, სერგო ზაქარიაძე, უშანგი ჩხეიძე, ნიკო ფიროსმანი, ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი და ქართული ცეკვის ლეგენდა - სუხიშვილები.
მოსწავლეებმა ასევე გაიხსენეს მეფე დემეტრე I, რომელმაც ქართულ კულტურას უკვდავი საგალობელი დაუტოვა. შესრულდა მარადიული მელოდია - „სულიკო“, გაცოცხლდა ნიკალა და ნოდარ დუმბაძის საყვარელი ეკრანული გმირები. ლექსები მიეძღვნა ქართული არქიტექტურის ბრწყინვალე ძეგლებს - ნიკორწმინდასა და სვეტიცხოველს.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ო’ჰენრის ნაწარმოების - „უკანასკნელი ფოთოლი“ - განხილვა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ხელოვნების ძალას ადამიანის რწმენისა და იმედის გაძლიერებაში.
დარბაზი გაფორმებული იყო მოსწავლეთა ნამუშევრებით, მხატვართა სურათებითა და წიგნებით, რომლებშიც ხელოვნებისადმი სიყვარული და პატივისცემა ცოცხლობდა.
ღონისძიება მოამზადა სკოლის ბიბლიოთეკარმა - თამარ გვალიამ, რომელსაც სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან.
„დიდი მადლობა მას და ღონისძიებაში ჩართულ ყველა მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისათვის, შრომისა და იმ მთავარი სულისკვეთების გულწრფელად გადმოცემისთვის, რომელმაც თითოეული მსმენელის გულამდე მიაღწია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ვიდეო იხლეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე: