
„2026-2027 სასწავლო წლიდან იმ მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ VII-XII კლასების ქართულ ენასა და ლიტერატურაში და/ან მათემატიკაში, უფლება ექნებათ აღნიშნული საგნები ასწავლონ V-VI კლასებში და მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება.
თუ მასწავლებლის გამოცდაზე აღარ გადიხართ - თანხის დასაბრუნებლად 11 მაისი ბოლო ვადაა
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საგნები ჩვენი საქართველო (V-VI კლასები) და მე და საზოგადოება (III-IV კლასები) მიეკუთვნება საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფს და შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წლიდან, დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურებით, აღნიშნული საგნების სწავლების შესაძლებლობა ექნებათ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ისტორიის, გეოგრაფიის ან სამოქალაქო განათლების სწავლების უფლება.
საათები სრულად ანაზღაურდება - რომელ მასწავლებლებს აღარ დააკლდებათ ხელფასი სექტემბრიდან
ასევე, 2026-2027 სასწავლო წლიდან, დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურებით, მე და საზოგადოების საგნის სწავლების შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებსაც, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლება“, - ეს ცვლილებები ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება, რომლის დეტალებზეც განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა სატელევიზიო ეთერში ისაუბრა და დასძინა, რომ მასწავლებელთა გამოცდებზე დაახლოებით 30 ათასი აპლიკანტია დარეგისტრირებული, აქედან 15 ათასი მოქმედი პედაგოგია.
„არსებობს მოსაზრება, რომ მასწავლებლები გამოცდებს არ უნდა აბარებდნენ... თუმცა ეს რეგულირებადი პროფესიაა და მსოფლიოში, ვერსად მასწავლებლობას ვერ დაიწყებ, თუ კომპეტენცია დადასტურებული არ გაქვს...
2015 წლიდან შემოვიდა საგნობრივი ჯგუფის ცნება - მაშინ თუ ჩააბარებდი ფიზიკას, შეგეძლო გესწავლებინა ქიმიაც და ბიოლოგიაც... 2024 წლიდან კი სისტემამ მოსთხოვა მასწავლებლებს, კომპეტენცია დაადასტურონ იმ საგანში, რომელსაც ასწავლიან... განვმარტავ - გარედან თუ შემოდიხარ, დაამთავრე უნივერსიტეტი და გინდა მასწავლებლობა, სისტემა გეუბნება, 10 კრედიტზე უნდა ჩააბარო, წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემაში არ გიშვებ და ამ დროს გვყავს მასწავლებლები, ვინც ასწავლიან ისეთ საგნებს, რომლებშიც კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ... ამ დროს ყველა ვთანხმდებით, რომ პრიორიტეტია ხარისხიანი განათლება, საგანში კი, რომელსაც ამდენი ხანია პედაგოგი ასწავლის, პრობლემა არ უნდა იყოს კომპეტენციის დადასტურება.
რაც შეეხება ბოლო გადაწყვეტილებას, შევეხიდეთ მასწავლებლებს და არ ვაბარებინებთ ზედმეტად გამოცდას, თუმცა თუ სკოლას ჰყავს საგნის სერტიფიცირებული პედაგოგი, საათების განაწილებისას პრიორიტეტი მას უნდა მიენიჭოს“.