
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში, 7 მაისს, შემოქმედებითობით, ფერებითა და ბავშვური ფანტაზიით გამორჩეული დღე გაიმართა.
სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა, თეა გონაშვილმა, თავის კლასებში მოაწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც მოზარდებმა წარმოაჩინეს საკუთარი ნიჭი, ფანტაზია, შემოქმედებითი ხედვა და გულმოდგინე შრომა.
გამოფენის მიზანი იყო მოსწავლეებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი უნარების განვითარება, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება და მათი ნამუშევრების სასკოლო საზოგადოებისთვის წარმოჩენა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრებით გადმოეცათ ემოციები, იდეები და ინდივიდუალური ხედვა. გამოფენის შედეგად მოსწავლეებმა კიდევ უფრო გაიღრმავეს თვითგამოხატვის, პრეზენტაციისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები. მათ გაუძლიერდათ თავდაჯერებულობა და მოტივაცია, რადგან მათი შრომა დაფასდა და ფართო სასკოლო საზოგადოებამ იხილა. ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები და საჩუქრები აქტიური მონაწილეობისა და შემოქმედებითი შრომისთვის.
სკოლის დირექტორი, მაია სიმონიძე, მადლობას უხდის პედაგოგ თეა გონაშვილს საინტერესო და შთამბეჭდავი გამოფენის ორგანიზებისთვის, მოსწავლეებს - ლამაზი და მრავალფეროვანი ნამუშევრებისთვის, მშობლებსა და მხარდამჭერებს კი - თანადგომისა და ამ განსაკუთრებული დღის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის.
„ვულოცავთ, ჩვენს მოსწავლეებს წარმატებას და ვუსურვებთ მათ კიდევ მრავალ შემოქმედებით მიღწევას“,- აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: