
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და დედაენის სიყვარულით გამთბარი, შემოქმედებითი ღონისძიება - „გაზაფხული დედაენიდან იწყება“ გაიმართა.
ღონისძიება განახორციელა დაწყებითი III კლასის დამრიგებელმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ელზა ქავთარაძემ, თავის სადამრიგებლო - III და I კლასების მოსწავლეებთან ერთად.
მოსწავლეებმა განსაკუთრებული სითბოთი წარმოაჩინეს ქართული ანბანის სილამაზე, დედაენის მნიშვნელობა და სამშობლოს სიყვარული. ღონისძიების მთავარი სათქმელი იყო, რომ საქართველოში გაზაფხული მხოლოდ ბუნებაში არ მოდის - იგი მოდის პირველ ამოკითხულ სიტყვებში, ქართულ ასოებში, სიმღერებში, ბავშვების გულწრფელ ხმებსა და სიყვარულით ნათქვამ ფრაზებში.
პატარებმა სცენაზე გააცოცხლეს ქართული ანბანი, წარმოაჩინეს, რომ თითოეულ ასოს აქვს თავისი ფერი, სული და ფესვი.
„მათმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ენა არის სამშობლოს ფესვი და სული, ხოლო დედაენის სიყვარული ბავშვობიდან იწყება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული მუსიკის მასწავლებელი ნატო აფციაური, რომელმაც მოსწავლეთა წარმოდგენას მუსიკალური სილამაზე და განსაკუთრებული ემოციურობა შესძინა. ასევე აღსანიშნავია I და III კლასების მოსწავლეთა მშობლების ჩართულობა და მხარდაჭერა, რამაც ღონისძიებას კიდევ უფრო თბილი და ოჯახური გარემო შეუქმნა.
სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე მადლობას უხდის ქალბატონ ელზას, მის მოსწავლეებს, მშობლებსა და ქალბატონ ნატო აფციაურს ასეთი შინაარსიანი, შემოქმედებითი და სიყვარულით სავსე ღონისძიების განხორციელებისთვის.
„ქართული ანბანი ჩვენი სიამაყეა, დედაენა - ჩვენი სული, ხოლო ასეთი დღეები ბავშვებში აძლიერებს მშობლიური ენის, კულტურისა და სამშობლოს სიყვარულს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.