
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „თოლია“ აქტიურად აგრძელებს თავის საქმიანობას და გარემოს დაცვის მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ახორციელებს.
ამჯერად, კლუბის წევრების ყურადღების ცენტრში მდინარე ენგური და მისი მიმდებარე ტერიტორია მოექცა.
განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მდინარე ენგურის სანაპირო ზოლი ნარჩენებისგან დაასუფთავეს. თუმცა, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქცია მხოლოდ დასუფთავებით არ შემოფარგლულა - მოსწავლეებმა შეგროვილი ნაგვის დეტალური დახარისხება მოახდინეს, რათა დაედგინათ დაბინძურების ძირითადი წყაროები.
დახარისხების შედეგად გამოიკვეთა საყურადღებო ტენდენცია:
ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნარჩენების უდიდესი ნაწილი საყოფაცხოვრებო ნივთებს შეადგენდა.
ჭარბობდა პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები და სხვადასხვა სახის ერთჯერადი შეფუთვები.
ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ მდინარე ენგურის ეკოსისტემისთვის მთავარ საფრთხეს სწორედ მოსახლეობის მიერ დატოვებული ყოველდღიური მოხმარების ნივთები წარმოადგენს.
ეკოკლუბი „თოლია“ მიზნად ისახავს არა მხოლოდ ტერიტორიების ერთჯერად დასუფთავებას, არამედ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა გადამწყვეტია ბუნების შენარჩუნებისთვის.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში, ეკოკლუბი კვლავაც გეგმავს აქტიურ მუშაობას რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
„თოლიას“ წევრები იმედოვნებენ, რომ მათი მაგალითი გადამდები აღმოჩნდება არა მხოლოდ მოსახლეობისათვის არამედ საზოგადოებისათვის.
იხილეთ ფოტოები: