თუ მასწავლებლის გამოცდაზე აღარ გადიხართ - თანხის დასაბრუნებლად 11 მაისი ბოლო ვადაა
11-05-2026

გარკვეული საგნების მასწავლებლებს, სრული ანაზღაურების მისაღებად, გამოცდებზე კომპეტენციის დადასტურების ვალდებულება ეხსნებათ; იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე რეგისტრაცია უკვე დაწყებული იყო, აპლიკანტების ნაწილმა თანხა უკვე ჩარიცხა, თუმცა მათ მისი დაბრუნება შეეძლებათ - განაცხადის წარსადგენად კი 11 მაისის 18:00 საათი ბოლო ვადაა.

„იმ პირებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ გამოცდებზე, მაგრამ ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, აღარ სურთ გამოცდის ჩაბარება, შესაძლებლობა აქვთ, 11 მაისის 18:00 საათამდე განცხადებით მიმართონ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, გააუქმონ კონკრეტულ საგანზე რეგისტრაცია და დაიბრუნონ გადახდილი თანხა“, - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.

განმარტებები: 2026-2027 სასწავლო წლიდან იმ მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ VII-XII კლასების ქართულ ენასა და ლიტერატურაში და/ან მათემატიკაში, უფლება ექნებათ აღნიშნული საგნები ასწავლონ V-VI კლასებში და მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება.

ვინაიდან სისტემაში არსებობს I-VI კლასების ქართული ენისა და ლიტერატურისა და მათემატიკის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდა, V-VI კლასებში აღნიშნული საგნების საათები თავდაპირველად გადაუნაწილდებათ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც I-VI კლასებში აქვთ სწავლების უფლება.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საგნები ჩვენი საქართველო (V-VI კლასები) და მე და საზოგადოება (III-IV კლასები) მიეკუთვნება საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფს და შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წლიდან, დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურებით, აღნიშნული საგნების სწავლების შესაძლებლობა ექნებათ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ისტორიის, გეოგრაფიის ან სამოქალაქო განათლების სწავლების უფლება.

ასევე, 2026-2027 სასწავლო წლიდან, დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურებით, მე და საზოგადოების საგნის სწავლების შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებსაც, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203